"ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. მასშტაბური პროექტი აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია აჭარაში თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ ცხოვრების ჯანსაღი პირობები, სადაც მოსახლეობა წყლით სარგებლობას უწყვეტ რეჟიმში შეძლებს და საბოლოოდ აღმოიფხვრება წლების განმავლობაში ამ კუთხით არსებული პრობლემა. პროექტი ინტენსიურად ხორციელდება და მას არა მხოლოდ სოციალური არამედ ძალიან დიდი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. წყლის სისტემის პროექტი დაბებისა და სოფლის ეკონომიკურ და ტურისტულ განვითარებას შეუწყობს ხელს"- განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.
პროექტის მიზანია, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები შეიქმნას.
ამ ეტაპზე, მიმდინარე წელს, რამდენიმე სოფელში, კერძოდ, ხულოში-სოფელ დიოკნისში, ქედაში-სოფელ ტიბეთაში და ქობულეთში-მუხაესტატეს მეურნეობაში, უკვე დაიგეგმა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების შემდეგ, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა. პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW -თან ერთად ხორციელდება.