აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სოფლის მომხმარებელთა ჯგუფების და მომხმარებელთა ჯგუფის საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება.
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა შედგა ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
სოფლის მომხმარებელთა ჯგუფი და საბჭო ჩართული იქნება სოფელში დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციის საკითხებში. სოფლის მომხმარებელთა ჯგუფის საბჭო, სს „აჭარის წყლის ალიანსს“ და წყალმომარაგებისა და წყალარინების კომუნალური ინფრასტრუქტურის საწარმოს დაეხმარება სოფელში სისტემების ოპერირებისთვის ოპერატორის შერჩევაში.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, სოფლებში მომხმარებელთა ჯგუფებისა და მომხმარებელთა ჯგუფის საბჭოების შექმნის მთავარ მიზანს, კომუნალური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მიმართ უფლებებისა და მოვალეობების გადანაწილება წარმოადგენს.
პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება - კირნათის, კობალეთის, ერგეს და ჯოჭოს ტერიტორიებზე, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტში - ქვედა კვირიკეს, მუხაესტატეს დასახლების, ოჩხამურის, ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის ტერიტორიებზე.