აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების პირველი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების სისტემებით სარგებლობას, აჭარაში, დამატებით 39 სოფელში მცხოვრები დაახლოებით 30 000 ადამიანი შეძლებს.
აჭარის მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს.
მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში გაიმართა.
პროექტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სარეაბილიტაციო სამუშაოები მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებაში, ქვედა კვირიკეში, ჩაქვისთავში, ცეცხლაურში, ოჩხამურსა და ჯიხანჯურში (მოიცავს ე.წ. ლიმონტრესტის, თეკერის, ხინოს და ჭახათის დასახელებებს) განხორციელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 11 954 784 ევრო დაიხარჯება. განახლებული კომუნალური ინფრასტრუქტურით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 1600-მდე ოჯახი ისარგებლებს.
ოჩხამურის, ცეცხლაურის და ჯიხანჯურის დასახლებებების წყლით უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილები მოეწყობა. აშენდება 1 წყლის გამწმენდი და 5 ხელოვნური ჭაობის ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, ასევე 600 მ3 მოცულობის წყლის რეზერვუარი.
აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი KfW ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.