აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში ახალი სისტემების დაგეგმვა, პროექტების მომზადება და ფიზიკური რეალიზება საერთაშორისო და ეროვნული გარემოსდაცვითი, სოციალური და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების და მოთხოვნების დაცვით მოხდება.
KfW ბანკის გარემოსდაცვითი სოციალური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, თითოეული პროექტისთვის ბიომრავალფეროვნების კვლევა და მონიტორინგი განხორციელდა.
კვლევა და მონიტორინგი მოიცავს ფლორისა და ფაუნის შეფასებას, პროექტის პოტენციური გავლენის და შესაძლო ზემოქმედების შემთხვევაში შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით. მონიტორნგის საფუძველზე, ბიომრავალფეროვნების ექსპერტების მიერ, მომზადდა რეკომენდაციები საპროექტო არეალში არსებული დაცული, ენდემური სახეობების თესლების შეგროვებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვაზე, ან სამშენებლო არეალის მიღმა გადარგვაზე.
ხულოში, ქვემო ვაშლოვანში ჩატარებული კვლევის შედეგად საპროექტო არეალში აღმოჩენილი იქნა ენდემური სახის შემდეგი ბალახოვანი მცენარეები:
Euphorbia pontica Prok - კოლხეთის ენდემი
Anthemis woronowii Sosn - საქართველოს ენდემი
Astragalus adzharicus Popov - აჭარა-ლაზეთის ენდემი
Amaracus rotundifolius- აჭარა-ლაზეთის ენდემი
სს „აჭარის წყლის ალიანსმა“ კონსულტანტის და ქვემო ვაშლოვანის ეკოკლუბის წევრების დახმარებით გადარგვის პროექტი განახორციელა. გადარგვის განხორციელებამდე, უზრუნველყოფილი იქნა მოსწავლეებისთვის ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის დეტალურად გაცნობა. გაზიარებულ იქნა ინფორმაცია ადგილობრივ ენდემურ სახეობებზე.